სიახლეები

YOCOCU - საქართველო 2020

   

13 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში შედგა პირველი მოსამზადებელი შეხვედრა YOCOCU-ს პანევროპული ფორუმის მოსამზადებლად, რომელსაც 2020 წლის 22-26 მაისს უმასპინძლებს თბილისი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ვადები, მიმართულებები და გეგმები. 

ფორუმის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მკვლევართა შრომებისა და პროექტების ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის გაცნობა, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაცია-რესტავრაციის, კედლის მხატვრობის, ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიის, პეტროგრაფიის და სხვ. დარგებში მოღვაწე სპეციალისტებს შორის ახალი კავშირების დამყარებისათვის ხელშეწყობა და მათი კვლევების სტიმულირება. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი აღნიშნული ფორუმის ერთერთი მთავარი ორგანიზატორია.